პროფესიონალის პრაქტიკული რჩევები ქორწილის დასაგეგმად

თუ შენი რომელიმე ახლო მეგობარი გათხოვილა, ზუსტად გეცოდინება, რომ ქორწილის ორგანიზება არც ისე მარტივი ამბავია.

თუმცა თუ შენც ახლო მომავალში გეგმავ ქორწილს ეს ბლოგპოსტი დაგეხმარება უფრო ორგანიზებულად და ზედმეტი ნერვიულობის გარეშე გაართვა თავი წინასაქორწილო სამზადისს და ამასთან, ეს დღე უფრო სასიამოვნო და ჯადოსნური გახადო.

გახსოვს ჯეინის გმირი ფილმიდან 27 ქორწილი? თუ ჯერ კიდევ არ გინახავს ეს საოცარი მელოდრამა, რომელიც ერთდროულად აგატირებს და ბევრსაც გაცინებს, მაშინ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ შეგიძლია პოპკორნი მოიმარაგო.

მოკლედ, იმას თქმა მინდოდა, რომ ჯეინის გმირივით ბევრი ქორწილი დამიგეგმავს და 27-ის მერე სათვალავიც ამერია. ამიტომ, მინდა რამდენიმე პროფესიონალური რჩევა გაგიზიარო, რომელიც ქორწილის ორგანიზებაში დაგეხმარება.

პირველ რიგში ქორწილის ორგანიზება მისი ბიუჯეტის განსაზღვრით იწყება. შემდეგ შესაბამისად ადგენთ ლოკაციას, სტუმრების რაოდენობას, მენიუს, კაბისა და პიჯაკის ფასს და აშ.

მაშ, ასე დავიწყოთ.

პირველი, რაც უნდა დაგეგმო, ეს ქორწილის თარიღია. შეეცადე დრო სწორად გათვალო, ისე, რომ შენც და სტუმრებმაც ყველაფერზე ზრუნვა მოასწრონ.

ასევე, აუცილებლად გაითვალისწინე სეზონი. გაზაფხული და შემოდგომა ქორწილისთვის ყველაზე კარგი სეზონია. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს - სტაბილური ამინდი და თბილი ტემპერატურა, ბუნების ნაჩუქარი სილამაზე და შედეგად, საოცარი ფოტოები.

სტუმრები ვახსენე და ახლა დროა შენ და შენი რჩეული სიას ჩაუჯდეთ. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ გარშემო ის ადამიანები შემოიკრიბოთ, ვისი ნახვაც ნამდვილად გაგიხარდებათ. შეიძლება რამდენიმე ადამიანი ნაწყენიც დარჩეს, მაგრამ, წინასწარ შეეგუეთ, რომ, ამას 1000 კაციანი ქორწილის გადახდითაც ვერ აცდებით.

ახლა დროა ლოკაციაც შეარჩიოთ. იმის მიხედვით, თუ ქორწილს რა სეზონზე აპირებ, ლოკაციაც შესაბამისად უნდა შეარჩიო. მაისიდან თითქმის ნოემბრამდე, შეგიძლია ქორწილი ღია ცის ქვეშ მოაწყო. ხოლო დანარჩენ თვეებში, ამინდის გათვალისწინებით, ქორწილის გადახდა დახურულ სივრცეში მოგიწევს.

ღია სივრცის შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინე, რომ შესაძლებელია ამინდმა ხელი არ შეგიწყოს, ამიტომ ისეთი ლოკაცია შეარჩიე, რომელსაც დახურული სივრცეც ექნება.

ლოკაციის შერჩევის შემდეგ მისი საქორწილო დიზაინის შერჩევის დროა. ჩემი რჩევაა ამ საქმეში პროფესიონალები დაიხმარო, რადგან ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეკონომია გაუმართლებელია.

 

დიზაინის შერჩევისას პროფესიონალები ყოველთვის ვითვალისწინებთ სიძისა და ძირითადად, მაინც პატარძლის გემოვნებას:)  დიზინის შერჩევისას განსაკუთრებულად უნდა გამოიყურებოდეს პატარძლის მაგიდა, რომელიც მთლიანი ინტერიერის შემაჯამებელი ნაწილი უნდა იყოს.

გახსოვდეს, საქორწილო დიზაინში გადამწყვეტი ფერები და თემატიკაა.  

თუ პატარა ქორწილს აპირებ და შენ ბედნიერ დღეს მხოლოდ შენი მეგობრები გინდა გარშემო შემოიკრიბო, გთავაზობ, ტრადიციული სუფრისგან განსხვავებით არჩევანი ფურშეტზე შეაჩერო. დამერწმუნე, ამით ყველა შენი მეგობრის გულს მოიგებ, რადგან მათ საჭმელზე მეტად გართობა და ბევრი მუსიკა სჭირდებათ.

თუმცა, მიუხედავად იმისა ტრადიციულ სუფრას გადაწყვეტ თუ ფურშეტს საქორწილო ტორტი აუცილებლად გრაციუზული უნდა იყოს. რადგან გართობა ვახსენე, მოდით შევთანხმდეთ, რომ სწორედაც გემოვნებაზე დაობენ. ამიტომ, წინასწარ დაგეგმე როგორ გინდა შენ ქორწილში ხალხი გაერთოს. არჩევანი მრავალფეროვანია, შეგიძლია ქართული ტრადიციული, საესტრადო და თანამედროვე სტილი გააერთიანო. ასევე, ქართული ცეკვის პროფესიონალი შემსრულებლები დაიქირავო და შენი ქორწილი ამით გაამრავალფეროვანო. თუ ეს შენი სტილი არ არის, მაშინ არც სხვადასხვა ჟანრის ბენდებისა და მუსიკალური DJ-ის ნაკლებობაა ჩვენს ქვეყანაში.

როდესაც სტუმრებს ჰგონიათ, რომ ყველა სურპირიზი ამოიწურა, ფეიერვერკის დრო დგება. მოდით, ვაღიაროთ, რომ ფეიერვერკი დიდებსაც და პატარებსაც ერთნარიად გვახარებს და სადღესასწაულო განწყობას გვიქმნის.

როდესაც ყველაფერი ზუსტად ისე ჩაივლის, როგორც წარმოგედგინა და გეგმავდი ამ ყველაფრის ამსახველი კადრები მუდამ გაგახსენებს შენს ბედნიერ დღეს. ამიტომ, ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის, აუცილებლად, საქმის პროფესიონალებს მიმართე.

ფერადი ბოლი, ჰელიუმიანი ბუშტები და სხვადასხვა აქსესუარები ფოტოსესიას უფრო ლამაზს და მრავალფეროვანს გახდის.

ქორწილის ორგანიზებაზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო, გაცილებით მეტი რჩევა და რეკომენდაცია მოგცეთ, თუმცა ამ თემას ბლოგით ვერასოდეს ამოვწურავ.

ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება სწორად შერჩეული ივენთ კომპანიისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, ქორწილის ორგანიზება პროფესიონალებს მიანდო.